logo
ENG



"ყველას პასუხისმგებლობაა, გაეცემათ პასუხი" - კალაძის მტკიცებით, შადრევანი შემოწმებული იყო

13 ოქტ 202214:50
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი".

კალაძის მტკიცებით, შადრევანი შემოწმებული იყო.

"უმძიმესი ფაქტია, რა თქმა უნდა. თავზარდაცემულები ვართ ყველა. რაც შეეხება გამოძიებას, დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად, კანონის ფარგლებში. სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო გრინსერვისი.

ცხადია შემოწმებული იყო. პროექტი დიდი ხანია დასრულებულია, უბრალოდ გუშინ ვიყავით ჩვენ მისულები. დანარჩენს მოგვიანებით მოგახსენებთ.

უდიდესი თემაა, უმძიმესი თემაა, თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ყველასი და რა თქმა უნდა, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი", - ამბობს კალაძე.

დღეს, ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმხობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მერიის განცხადებით, გუშინ, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

 


close დახურვა